მთავარი ჩვენს შესახებ გადაცემები დაგვიკავშირდით რეკლამა
GE |  AB |  EN |  RU
 კულტურა განათლება და მეცნიერება
ეკონომიკა საზოგადოება
ახალი თაობა რელიგია  ჯანდაცვა და სპორტი სახელისუფლებო სტრუქტურები

წმიდა სამების საკათედრო ტაძარი

2014-12-26 16:04

1989 წლიდან საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. და სწორედ ამ დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტისათვის არქიტექტორთა კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც გამარჯვება წილად ხვდა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტს. ტაძარი, რომლის მშენებლობაც შემდგომში ათასწლეულის მშენებლობად შეფასდა, ქრისტეშობის 2000 წლისთავს მიეძღვნა.

კონკურსი ორ ტურად ჩატარდა და ორივე ტურში ხუროთმოძღვართა 110-ზე მეტი ჯგუფი მონაწილეობდა. ზოგიერთ მათგანს ტაძრის გეგმის ორი და სამი ვარიანტიც კი ჰქონდა წარმოდგენილი. ცალკეულ ნამუშევარზე ორი-სამი და ზოგზე შვიდი ავტორიც მუშაობდა. იყო ისეთი პროექტებიც, რომლებიც მთელი სახელოსნოს მიერ იყო წარმოდგენილი. ხსენებული კონკურსისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მასში უცხოეთში მოღვაწე ქართველი არქიტექტორებიც მონაწილეობდნენ. საუკეთესო პროექტის შერჩევისას კომისიამ, რომელსაც სათავეში თავად უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ედგა, გაითვალისწინა ქართული საეკლესიო არქიტექტურის ყველა ძირითადი ტრადიციული კომპონენტი, ასევე სატაძრო კანონიკისათვის მისაღები სიახლეები და უპირატესობა მიანიჭა იმ გეგმას, რომელიც ამჟამად ელიას მთაზე ხორციელდება. ხუროთმოძღვარი არჩილ მინდიაშვილი ძველი საკათედრო ტაძრების ანალიზზე დაყრდნობით შეეცადა, განესაზღვრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი განვითარების დონე დღევანდელობასთან მიმართებაში. მისი თქმით: „სამების საკათედრო ტაძარი არის თანამედროვე ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელშიც ქართული ეკლესიათმშენებლობის დღემდე არსებული ყველა ტრადიცია არის დაცული, და მას თან ერთვის თანამედროვე ნიუანსები“.

„როდესაც ამ ტაძრის გეგმაზე დავიწყე მუშაობა, პირველ რიგში, ეკლესიური გავხდი. აქედან გამომდინარე, უკვე ნათელი გახდა, როგორი კუთხით უნდა გვეწარმოებინა ეს სამუშაო. გავაანალიზეთ თითქმის ყველა დიდი ქართული ტაძარი: ოშკი, ბანა, ბაგრატი, ხახული, სვეტიცხოველი, გელათი და მათ სინთეზზე გავაკეთე ჩემი პროექტი.

კანონიკა აბსოლუტურად დაცულია, მაგრამ არის უამრავი სიახლე. ის, ამავე დროს, არის თანამედროვე ქართული ტაძარი. სართულებს შორის ურთიერთობით, ვერტიკალური კომუნიკაციებით, შიდა სივრცის გადაწყვეტით, ეს არის ჯვარ-გუმბათოვნისა და ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის სინთეზი. თუ ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი კელდებზე ეყრდნობა, ხოლო ჯვარ-გუმბათოვანი კი ოთხ სვეტზე, სამების ეკლესია რვა სვეტზეა გაწეული. გუმბათის პარამეტრები არ არის დამოკიდებული აბსიდის ზომებზე, ამით ქალაქის იერსახეში გუმბათმა და თავად ტაძარმა უფრო მონუმენტური სახე მიიღო. მოპირკეთების დროსაც იქნება ძველის ახლებურად გადაწყვეტა. ჩვენ არაფერს ვიმეორებთ, ყველაფერი არის ახალი, მხოლოდ დაყრდნობილია ძველზე, რასაც კი ქართულის სახელი ერქვა. ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში არის ჩადებული მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კოდი, რომლითაც იგი განსხვავდება ბერძნული ან სომხური ტაძრისაგან. ეს ჩვენც გავითვალისწინეთ. ახალი ტაძარი უნდა გამოირჩეოდეს სხვა ტაძრებისაგან, მაგრამ როგორ გააკეთებ ამას, ეს უკვე ოსტატობაზეა დამოკიდებული“ - აცხადებს არჩილ მინდიაშვილი. სამების ტაძარი მოპირკეთდება ბოლნისის ტუფით. შერჩეული მასალა საკმაოდ მტკიცე და რთული დასამუშავებელია. ბატონ არჩილის თქმით: „თავდაპირველად პროექტში სამი ტაძარი იყო: ერთი ძირითადი - საკათედრო ტაძარი და მის გვერდით, ჩრდილოეთით და სამხრეთით ორი მცირე ეკლესია. როდესაც ტაძრის ახალი ადგილმდებარეობა გადაწყდა, ეს ვეღარ მოხერხდა“.

ტაძრის აშენება თავდაპირველად ვაკეში, ყოფილი სტუდქალაქის მახლობლად იყო გადაწყვეტილი, მაგრამ საბოლოოდ მისი აშენება ელიას მთაზე გადაწყდა.

პროექტის თანახმად, წმიდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსი შედგება: ტაძრის, სამრეკლოს, საპატრიარქოს, მამათა მონასტრის, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის, სასტუმროებისა და სხვა დამხმარე შენობებისაგან. მთლიანი კომპლექსისათვის ელიას მთაზე 11 ჰექტარი მიწის ფართობი გამოიყო.

1996 წლის 3 მარტს, მართლმდიდებლობის ზეიმზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ეპარქიათა მღვდელმთავრები, თბილისის ყველა ეკლესიის სამღვდელოება და მრევლი ჯვრებითა და ხატებით ფეხით გაემართა ელიას მთისკენ. მათ საძირკველში აღმართულ ჯვართან სანთელი დაანთეს და ჩააწყვეს ქვები, რომლებზეც საკუთარი სახელები დაწერეს. საძირკვლის კურთხევის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც. „დღეს საფუძველი ეყრება სამების ტაძარს და ამით საფუძველი ეყრება ძლიერ საქართველოს. საქართველო ეძებს თავის დასაყრდენს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს საყრდენი ძლიერია იმ შემთხვევაში, თუ ერი არის მრავალრიცხოვანი, ზოგიერთი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ძლიერია მაშინ, თუ მას გააჩნია ძლიერი შეიარაღებული ძალები... თუ მას გააჩნია დიდი მეცნიერება და მაღალი კულტურა. ეს ყველაფერი საჭიროა, აუცილებელია, მაგრამ პირველი და აუცილებელი არის ერის სულიერი ძლიერება. აი, სწორედ ამისთვის ვართ მოწოდებულნი და ამით ვიწყებთ ჩვენი ერის განმტკიცებას. უფალი ბრძანებს: „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას“. და კლდესა მას ზედა ჩვენ უნდა აღვაშენოთ ყოვლადწმიდა სამების ტაძარი და ამით ავაშენოთ ჩვენი სულიერი ტაძარი, რომელიც შერყეულია, დანგრეულია. ჩვენი წინაპრები თავიანთი სისხლით იცავდნენ ქრისტიანობას. იმიტომ, რომ ხვდებოდნენ, ამაში იყო ჩვენი ძლიერება. მტერი უპირველეს ყოვლისა, ტაძარ-მონასტრებს ანგრევდა, რადგან მან იცოდა, რომ ქართველი ერის ძლიერება ქრისტიანობაშია. დადგა ჟამი შენებისა. ჩვენი ერი კვლავ უბრუნდება ფესვებს, მაგრამ ამ დროს უნდა ავაშენოთ ღვთის სადიდებელი ტაძარი, რომელიც გაამთლიანებს ქართველ ერს, ყველას, ვინც სიყვარულით ცხოვრობს საქართველოში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. უფალმა შეგვაძლებინოს ამ დიდი საქმის აღსრულება. რადგან ვიწყებთ ამ საქმეს, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი ჩვენთანაა“.

სასულიერო პირებმა ტაძრის საძირკველს ჩააყოლეს წმიდა ადგილებიდან ჩამოტანილი სიწმინდეები: ქვა სიონის მთიდან, სადაც მოსეს ათი მცნება მისცა უფალმა; ქვა მდინარე იორდანიდან, სადაც ნათელ იღო იესო ქრისტემ; ნაზარეთიდან, სადაც ეხარა ღვთისმშობელს მაცხოვრის შობა; იერსუსალიმის სიონიდან, სადაც დაკრძალული იყო ღვთისმშობელი; მიწა იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრიდან; აჭარიდან, გონიოდან, საიდანაც შემოვიდა ანდრია პირველწოდებული და განისვენებს მატათა მოციქული; ჯავახეთიდან, ფარავნის ტბიდან, საიდანაც შემოვიდა წმიდა ნინო; სვეტიცხოვლიდან, სადაც ბრძანდება უფლის კვართი; მცხეთის სამთავროს მონასტრიდან, სადაც მოღვაწეობდა წმიდა ნინო; მოწამეთადან, სადაც წმიდა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები განისვენებენ. აფხაზეთიდან, კომანიდან, წმიდა ვასილისკოს წყაროდან. იერუსალიმის საბა განწმენდილის მონასტრიდან; კაპადოკიიდან, სადაც დაიბადა წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, ბასილი დიდი და სხვა წმიდა მამები; აფხაზეთიდან, სვიმონ კანანელის საფლავიდან; წმიდა დიდმოწამე გიორგის საფლავიდან, იერუსალიმის ელეონის მთიდან, საიდანაც უფალი ამაღლდა ზეცად; ლეჩხუმიდან - წმიდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავიდან, გოლგოთიდან, თაბორის მთიდან, მამრეს მუხის ნაწილი, ქვა გუდამაყრის ხეობიდან, რომელზეც ბუნებრივად არის გამოსახული ჯვარი; სიონის საპატრიარქო ტაძრიდან, ქუთაისის ბაგრატის ტაძრიდან, გეგუთის სამეფო ციხე-სიმაგრიდან; გელათის მონასტრიდან; ანტონ მარტყოფელის საფლავიდან; ბაგრატიონთა სამეფო ტახტის ნაწილი სვეტიცხოვლიდან. უძველესი ტრადიციის თანახმად, მღვდელმთავრებმა საძირკველში ჩააწყვეს ოქროს მონეტები, საფუძველშივე იქნა ჩადებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და იმჟამინდელი პრეზიდენტის ორი ფილა მათი სახელებით. „ყოვლდაწმიდა სამებაო, დალოცე, გააძლიერე და გაამთლიანე სრულიად საქართველო და ეკლესია ჩვენი. გევედრები ჰყავ ტაძარი ესე და საქართველო, ტახტად და სამკვიდრებელად შენდა, ხოლო ერი ჩვენი, სამწყსოდ შენდა, ამინ! მონა ღვთისა მდაბალი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“ - წერია უწმიდესის ფილაზე.

1994 წლის 14 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდი აკურთხა. ფონდის დაფუძნებისას უწმიდესმა და უნეტარესმა შემდეგი სიტყვებით მიმართა მრევლს: „ჩვენი ერი ახალი ტაძრის აშენებით რწმენის ერთგულებასა და სიყვარულს ერთხელ კიდევ დაადასტურებს, მისმა მშენებლობამ იგი სულიერადაც უნდა გაამთლიანოს. მართალია, ზოგიერთის აზრით, იმ მატერიალური გასაჭირის გამო, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, ახალი ტაძრის მშენებლობა გაუმართლებლია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად ხშირი გასაჭირისა, ჩვენს ქვეყანაში ტაძრების მშენებლობა არასდროს შეწყვეტილა... ჩვენ დღეს უფრო სულიერად გვიჭირს, ვიდრე მატერიალურად, სამების ტაძრის აშენებამ სწორედ ამ სულიერი კრიზისის დაძლევას უნდა შეუწყოს ხელი“.

თავდაპირველად მშენებლობა ნელი ტემპებით მიმდინარეობდა, ძირითად სამუშაოებს „საქგვირაბმშენი“ აწარმოებდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა საწარმო და ორგანიზაცია მონაწილეობდა მშენებლობაში, მრავლად იყო კერძო შენაწირებიც. უამრავმა ადამიანმა თანხა ისე გაიღო,  ვინაობა არ დაუსახელებია. მშენებლობის ფონდის ინიციატივით 31-ე ქარხანამ უფასოდ დაამზადა ყულაბები წმიდა სამების ტაძრის მშენებლობისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოწირულობების მისაღებად.

ტაძრის საძირკვლის ამოღება 1995 წლის 23 ნოემბერს დაიწყეს. 2000 წლისთვის პრაქტიკულად დასრულდა მიწისქვეშა სივცის სამუშაოები, რაც დაახლოებით მთლიანი ტაძრის მოცულობას უტოლდება. როგორც სამების ტაძრის ინჟინერ-კონსტრუქტორი და ამჟამად ტაძრის ფონდის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ემზარ კიზირია აღნიშნავს: „ქვედა სივრცის ათვისების იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ტაძარი უნდა დაფუძნებულიყო აუცილებლად კლდეზე, სათანადო გეოლოგიური დასკვნების შედეგად 12-13 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ის ძირითადი ქვიშა-ქვები, რომლებიც ტაძარს უდევს საფუძვლად. რაკი ამოღებულ იქნა ეს გრუნტი, გაჩნდა იდეა, მიწისქვეშა ნაწილში გაკეთებულიყო კიდევ ერთი ტაძარი - ხარების და ასევე სიწმიდეთა მუზეუმიც, სადაც ჩვენი ეკლესიის სხვადასხვა ადგილას არსებული სიწმიდეები განთავსდება“.

ტაძარი მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებისაგან შედგება. მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში - 4. სამების ტაძარი შეიცავს მთავარანგელოზთა, იოანე ნათლისმცემლის, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, 12 მოციქულის, და ყოველთა წმიდანთა სახელობის ეკლესიებს. ესოდენ დიდი სიმაღლისა და ფართის ტაძარი საქართველოში ჯერ არ აშენებულა. ტაძრის მოცულობა 102 კვ. მეტრია, თავისი სავესტიბიულო ნაწილით კი - 137 კვ.მ. ფართობი 5000 კვ. მეტრზე მეტია. იგი აღჭურვილია უახლესი საკომუნიკაციო, ელექტრო, გათბობის და ვენტილაციის აპარატურით. სამების საკათედრო ლავრის სიმაღლე მიწიდან ჯვრის ძირამდე 77 მეტრია. საკუთრივ ჯვრის სიმაღლე კი შვიდმეტრნახევარია. მიწის ქვემოთ საძირკვლამდე სიღრმე 13 მეტრია. სიგრძე - 70 მ, სიგანე - 64 მ. თუმცა ტაძრის გრანდიოზულობა მხოლოდ პარამეტრებით არ განისაზღვრება. მისი ექსტერიერი და ინტერიერი ძალიან საინტერესოდ არის გადაწყვეტილი. ის ერთ-ერთი დომინანტი ნაგებობაა მტკვრის მარცხენა სანაპიროს თავზე და ფაქტობრივად, ძველი თბილისის ზემო მხარე უკავია. საინტერესოა ისიც, რომ წმიდა ელიას მთაზე მშენებარე სამების საკათედრო ტაძარი ზუსტად მამა დავითის ეკლესიის აღმოსავლეთ ღერძზეა განთავსებული, ამდენად, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ტაძარს სივრცე უკვე მოგებული აქვს. იშვიათობაა ისიც, რომ ნაგებობაში შესვლა სამ სხვადასხვა დონეზე ხდება და ის, ერთბაშად, ათეულ ათასობით მლოცველს დაიტევს.

ტაძრის არქიტექტურა ძველი ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრებისა და თანამედროვე გადაწყვეტის შერწყმას წარმოადგენს. ესაა ნაზავი ჯვარგუმბათოვანსა და ცენტრალურგუმბათოვანს შორის. ხშირად ისმის კითხვა: რატომ აშენებენ ტაძრებს ძველი და არა ახალი, თანამედროვე არიქიტექტურით? არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი ბრძანებს, რომ „ეს არ არის სწორი, რადგან მართლმადიდებლობა ორთოდოქსალური რელიგიაა და იგი თავის თავში პირველს, ტრადიციულს ატარებს... ბევრად იოლია აბსოლუტურად ახალს მიაგნო და შექმნა, ვიდრე ძველსა და ტრადიციულზე ააგო ახალი. როგორ შეიძლება პოპ მუსიკით გადმოსცე საგალობელი, იგი ვერასდროს იქნება გალობის ნიშნის მატარებელი“.

ხუროთმოძღვარ არჩილ მინდიაშვილის თქმით: „შესაძლებელია ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, თუ რა საჭირო იყო ამხელა ეკლესიის აგება, მაგრამ როდესაც აქ პირველი წირვა ჩატარდა, ტაძარში ხალხის ტევა აღარ იყო. ანალოგიური ვითარება შეიქმნა მაშინაც, როდესაც საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი, უნეტარესი ქრისტოდულოსი საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა და თან წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა ჩამოაბრძანა. როდესაც სიწმიდე ტაძარში დაასვენეს, ისეთი რიგი იყო, რომ მე თავად გამიჭირდა შიგნით შესვლა. ამდენად, რამდენი კრიტიკოსი და ოპონენტიც არ უნდა გვყავდეს, ტაძრის ასეთი ზომები დრომ და საჭიროებამ მოითხოვა. როგორც აღინიშნა, ყოვლადწმიდა სამების ეკლესიის კიდევ ერთი თავისბურება იმაშიც მდგომარეობს, რომ გუმბათი ტრადიციული ოთხი სვეტის ნაცვლად, რვა სვეტზეა დაყრდნობილი, რამაც საშუალება მოგვცა, გუმბათის პარამეტრები შეგვეცვალა. ის ყველაზე განიერია საქართველოს ეკლესიის გუმბათებს შორის (მისი დიამეტრი 16 მეტრია), რამაც უზარმაზარი შიგა სივრვე წარმოშვა. იგი უფრო შთამბეჭდავი იქნება მაშინ, როდესაც ხარაჩოები ჩამოიხსნება. საინტერესოა ისიც, რომ თითოეული ეკლესია არის დამოუკიდებელი, და ამავე დროს, ყოველი მათგანი ერთმანეთთანაა დაკავშირებული... დიდი ტაძრიდან გამოუსვლელად ყველა ეკლესიაში შეიძლება მოხვედრა. ეკლესიის მიწისქვეშა ნაწილს ახლავს ტექნიკური გალერეა, რომელსაც ორი ფუნქცია აქვს დაკისრებული. ეს იცავს ტაძრის საძირკველს რელიეფის ზემოქმედებისაგან და ამასთან ერთად, მასში გადის ყველა ის კომუნიკაცია, რაც ტაძრის მომსახურეობას სჭირდება“ - ამბობს ბატონი არჩილი.

ყოვლადწმიდა სამების ლავრისათვის ზარები გერმანიაში ჩამოისხა, მათ ორიგინალური, ქართული ჟღერადობა გააჩნიათ. სამრეკლოზე 9 ზარია დამონტაჟებული და ორი რეჟიმი აქვს: მექანიკური და ელექტრონული. ზარებს შორის ყველაზე დიდი 8200 კილოგრამს იწონის. ისინი კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის დახმარებით ქართული ხმოვანებით შეიქმნა.

ამჟამად, ტაძრის ძირითადი სხეულის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია. ტაძარი შიგნიდან მთლიანად გაილესა, მისი გუმბათი ფურცლოვანი სპილენძით დაიხურა. გარედან მოპირკეთებულია ქართული ქვებით: ბოლნისის ტუფითა და კურსების გრანიტით. ინტერიერში გამოყვანილია ქართული, ბოდბის გამარმარილოებული კირქვა, ძირს დაგებულია ჩინური და ინდური გრანიტი, კედლებზე - იტალიური, ეგვიპტური და ბერძნული მარმარილოები. კანკელი ბერძნული მარმარილოთია დამზადებული. წინასწარი გაანგარიშებით, ტაძარი 9 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით მთავარი, სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოებს კოორდინაციას გაუწევს მხატვარი ამირან გოგლიძე. ტაძარს მოხატავენ კანონიკის სრული დაცვით და იმ ტრადიციათა გათვალისწინებით, რაც ქართულ ფრესკულ მხატვრობასა და ხატწერაშია დამკვიდრებული. ამასთანავე, ეკლესიის მოხატულობის კონცეფციის განსასაზღვრად ჩამოყალიბებულია ხელოვნებათმცოდნეთა ჯგუფი და სამების ტაძრის მოხატვაც მათ დასკვნებზე დაყრდნობით შესრულდება. გარდა მოხატვისა, ეკლესიის საკურთხეველი მოზაიკით უნდა მოიჭიქოს. ბატონ არჩილ მინდიაშვილის თქმით: „ერთ-ერთი ურთულესი საქმე იქნება მხატვრობა, რადგან აქ სირთულეს შექმნის ფრესკის მასშტაბის მონახვა თუ რა ზომის უნდა იყოს კომპოზიცია, რათა ის ამხელა სივრცეში არც დაიკარგოს და არც ამოვარდეს. გადასაწყვეტია საერთო ფერთა გამაც. რაც მთავარია, დიდი სირთულე, ალბათ, შეგვხვდება მოზაიკაში, რადგან ეს, უკვე დიდი ხნის წინ დაკარგული ტრადიციაა“. მოზაიკით მოიჭიქება საკურთხეველი, რაც ძალზედ შრომატევადი და ამასთან ერთად მეტად ძვირადღირებული სამუშაოა.

ელიას მთაზე, როგორც ამას მთის სახელწოდებაც მიგვანიშნებს, ადრე წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია იყო აგებული. სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის პროექტით აქ წმიდა ილიას სახელობის ხის ეკლესიის აგება გადაწყდა და 1998 წლის აღდგომისათვის სამუშაოები დამთავრდა. ხის ეკლესია ახალგაზრდა არქიტექტორმა დავით სვანიძემ, სამების ტაძრის მთავარი არქიტექტორის არჩილ მინდიაშვილის დახმარებით დააპროექტა. სამწუხაროდ, რამდენიმე ხანში ტაძარი დაიწვა. მის ადგილას დღეს ახალი, რკინა-ბეტონით ნაშენები ტაძარი დგას.

მესამე ათასწლეულის პირველი ქრისტეშობა ქართველმა ერმა სწორედ წმიდა სამების მშენებარე ტაძარში აღნიშნა. 2003 წლის 6 დეკემბერს სამების ტაძარზე 7,5 მეტრის სიმაღლის მოოქროვილი ჯვარი დაიდგა, რომელიც 2 ტონას იწონის. ჯვარი უჟანგავი ლითონისა და ბრინჯაოს მასალითაა დამზადებული, არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის ესკიზებით. ის თითქმის ერთი წელი მზადდებოდა. ჯერ ქარხანა „მიონში“ იყო, შემდეგ მშენებლობის უფროსი, ბატონი თამარ არველაძე დეკანოზ ტარიელ სიკინჭელაშვილთან ერთად იყო მოსკოვში იქაური გამოცდილების გასაზიარებლად, რათა ჯვარს ამ სახით ერთი საუკუნე მაინც გაეძლო. ბევრი მეთოდი და ახალი ტექნოლოგია მოისინჯა. ჯვარი დაიფარა სპილენძის ფირფიტებით, შემდეგ - ვერცხლით და ბოლოს მოოქროვდა. იგი უჟანგავი ლითონით დამზადდა. ამიტომ საუკუნეებს გაუძლებს.

საქართველოს საპატრიარქოს ეზოში დაბრძანებული ჯვარი 5 დეკემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II აკურთხა წმიდა სინოდის მღვდელმთავრებთან - ცხუმ-აფხაზეტის მირტოპოლიტ დანიელთან (დათუაშვილი), ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოს ისაიასთან (ჭანტურია) და ხონელ მთავარეპისკოპოს საბასთან (გიგიბერია) ერთად.

კურთხევის შემდეგ ჯვარი მორწმუნე მრევლმა გალობით საპატრიარქოს ეზოდან ყოვლადწმიდა სამების მშენებარე ტაძრის ეზოში გადაასვენა, სადაც იგი ერთი დღე-ღამის განმავლობაში იყო დაბრძანებული. მის წინაშე განუწყვეტელი პარაკლისები აღესრულებოდა.

6 დეკემბერს, დღისით ჯვარი საზეიმოდ აღიმართა ყოვლადწმიდა სამების ტაძრის გუმბათზე.

თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II „ათასწლეულის მშენებლობა“ უწოდა, ხუროთმოძღვრის თქმით, ძირითადად შემოწირულობებით ხორციელდება. ბატონმა არჩილმა ისიც დასძინა, რომ ჩვენი უცხოელი თანამემამულეებიც ფირად ხელგაშლილნი არიან და ამ საშვილიშვილო მშენებლობას საკმაოდ დიდ თანხებს სწირავენ. ჩვენც ისღა დაგვრჩენია, მადლობა მოვახსენოთ ყველას, ვინც ქრისტიანული საქართველოს (და არა მარტო მისი) ამ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს მშენებლობას ოდესმე რაიმეთი შეეწია.

2004 წლის 23 ნოემბერს 9 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც პირველად გაიჭრა წმიდა სამების ტაძრის საფუძველი. წელს სწორედ ამ დღეს იკურთხება იგი, როგორც სიმბოლო ქართველი ერის სულიერი ერთობისა და ჭეშმარიტი რწმენისა.

 

 

 

.


 
 
თქვენთვის საინტერესო
უწმიდესი და უნეტარესი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი - სოფელ სნოდან, დედა - ნატალია იოსების ასული კობაიძე კი - სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქ. ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. 

სვეტიცხოველი
ქ. მცხეთა იბერიის სამეფოს ძველი დედაქალაქია. ჩვენს წელთააღრიცხვამდე I ათასწლეულში საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი სამეფო: იბერიისა (ქართლის) - აღმოსავლეთში და კოლხეთის - დასავლეთ საქართველოში. სწორედ იბერიის სამეფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი მცხეთა 800-ზე მეტი წლის განმავლობაში.

მცეთა დიდ საქარავნო გზაჯვარედინზე არსებობდა და აქ მოდიოდნენ ან გადადიოდნენ მეფეები, ელჩები თუ დესპანები, ვაჭართა ქარავნები, მოგზაურები თუ მეისტორიენი. მცხეთის განუმეორებელი სილამაზე: ცაში აჭრილი ქართის მთები, ვერცხლის სარტყელივით მბზინვარე მტკვარი, ზურმუხტისფერი ტალღებით მომქუხარე არაგვი და ორ მდინარეს შორის სამკუთხედად გაწოლილი მთაგორიანი ადგილი ხიბლავდა: ბერძენ, რომაელ, ებრაელ, არაბ თუ ჩინელ სტუმრებს, მტრებს თუ მოკეთეებს.

ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

მსოფლიო მერვე საეკლესიო კრების მოლოდინშია...
მართლმადიდებელი ეკლესიები რიგით მერვე მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევისთვის ემზადებიან. თარიღი უკვე დადგენილია. მერვე კრების მოწვევის მიზეზთა შორის, საეკლესიო კალენდრის საკითხის, საეკლესიო დიასპორების იურისდიქციის, მარხვისა და სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან ურთიერთობის დარეგულირება დასახელდა.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღები
ჩვ. წ. აღ-მდე XII-X საუკუნეები _ დიაოხი.

ჩვ. წ. აღ-მდე IX-VII ს.ს. _ კოლხა.

ჩვ. წ. აღ-მდე VI საუკუნე _ კოლხეთის სამეფოს წარმოშობა.

ჩვ. წ. აღ-მდე IV-III ს.ს. _ ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობა.

I საუკუნის 40-60-იანი წლები _ მოციქულების შემოსვლა საქართველოში.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ალავერდის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გადაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან ალავერდის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გადაბრძანდა.


 
 
 
ნოემბერი
2019
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
საქართველო და მსოფლიო
კელი დაგნანის განცხადებით, დღეს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის რუსეთის აგრესიული ქმედებების გარდა, არის ჩინეთის გავლენის გაძლიერება
აშშ-ს სენატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ამერიკის ელჩად წარდგენილმა კელი დაგნანმა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა.

ნურიელ რუბინი - საქართველო მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგი მაგალითია
საქართველო მაკრო და სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სამაგალითო ქვეყანაა,- ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე - „ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები” ფარგლებში ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა ნურიელ რუბინიმ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია - პრეზიდენტ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და თქვენი ოფიციალური ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.

ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის
მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსულ ოკუპაციაზე - გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ერთობლივი განცხადებით გმობენ
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ერთობლივი განცხადებით დაგმეს და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესზე შეერთებული შტატების პოზიცია დააფიქსირა.

ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა
ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში“, - ამის შესახებ ევროკავშირის პარლამენტის წევრმა მარკტ გრეგოროვამ ჟურნალისტებს გუგუტიანთკარში განუცხადა.

ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup