აფხაზურმა ე.წ. მილიციამ გალში ხუთი ქართველი დააკავა
2015-01-28 15:59

აფხაზურმა ე.წ. მილიციამ გალში 5 ქართველი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ განუცხადა, დაკავებულები არიან გალის რაიონის სოფელ ფიჩორისა და ოტობაიას მკვიდრნი, ძმები ლევან, ირაკლი და როლანდ ბოჟონიები და ბიძაშვილები, ვეფხია და გრიგოლ ჯოჯუები.
ყოლბაიას თქმით, არსებული ინფორმაციით, დაკავება იმ სპეცოპერაციის გაგრძელებაა, რომელიც 12 იანვარს ჩატარდა და რომლის დროსაც 5 ადამიანი იქნა ლიკვიდირებული.
ვახტანგ ყოლბაიას თქმით, დაკავებულები დღეს დილით ისევ გალში ჰყავდათ, თუმცა შესაძლოა, ისინი უკვე სოხუმის იზოლატორში გადაიყვანეს. ვახტანგ ყობაიას თქმით, ქართულმა მხარემ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო ორგანიზაციები, რათა მათ მომხდარს მონიტორინგი გაუწიონ და დაკავებულთა უფლებების დარღვევა არ მოხდეს.
წყარო: საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"