ICA.GE ჩვენს შესახებ არქივი დაგვიკავშირდით
GE |  AB |  EN |  RU
სიახლეები ოკუპირებული აფხაზეთი
გადაცემები

რუსლან აბაშიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდში მიიღო მონაწილეობა

2021-07-01 13:48

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს წარმოადგენდა ზაზა გახელიძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გათავისუფლება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და სოფელ აიბღას ნაწილის უკანონოდ მიერთება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა.

მოლაპარაკებებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მხრიდან საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე. საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა მოსკოვის პროვოკაციული ნაბიჯები საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული ტერიტორიების სეგმენტის ცალმხრივად დადგენის მიმართულებით და  გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარისათვის მიერთება, რაც ანექსიის უკანონო პროცესად შეფასდა. ქართველმა მონაწილეებმა ამ კონტექსტში დააყენეს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ გაფორმებული „პროგრამის“ ფარგლებში აფხაზეთის რეგიონის რუსეთში ინტეგრაციის მიმართულებით გააქტიურებული მუშაობა, აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვა. აღინიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული მცდელობები ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მიმართულებით უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს, ვინაიდან იგი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია, როგორც სამართლებრივი ფაქტი, და რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ისევე, როგორც საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის პერიოდში. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო ღიად საუბრობს რუსეთის პასუხისმგებლობაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფის კუთხით და  ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას.  

ქართველმა მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის საოკუპაციო ძალების გახშირებულ პროვოკაციებზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევებზე. მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ზაზა გახელაძისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გათავისუფლების თემას. ხაზი გაესვა საკითხის ჰუმანტიარულ ჭრილში უპირობო და დროული გადაწყვეტის აუცილებლობას.

აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის რეგულარულ დარღვევებზე. აღინიშნა, რომ სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია მზარდ რისკებს ქმნის კონფლიქტის  ფართო ესკალაციის მიმართულებით. 

მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებულ რთულ ვითარებას. აღინიშნა საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის შედეგად გამოწვეული ფატალური შემთხვევები და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე. საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის აპრილ-მაისში მდინარე ენგურში ოთხი მოქალაქის დახრჩობისა და კიდევ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის ხევში გადაჩეხვის ჰუმანიტარულ ტრაგედიაზე და აღნიშნა, რომ ეს ადამიანები უკანონო დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით შემოვლითი გზებით ცდილობდნენ საოკუპაციო ხაზზე გადმოსვლას. 

საქართველოს დელეგაციამ დასვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხი და ყურადღება გაამახვილა ახალგორისა და გალის რაიონების, აგრეთვე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების რთულ მდგომარეობაზე. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უზრუნველყოფისა და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობაზე. აღინიშნა ასევე სამედიცინო ევაკუაციის შეუფერხებლად განხორციელების მნიშვნელობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა კვლავაც ისაუბრეს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალგორის მკვიდრი სამოქალაქო აქტივისტის - თამარ მეარაყიშვილის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, რომელსაც წლების განმავლობაში არ ეძლევა საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და ოჯახის წევრების მონახულების შესაძლებლობა.

საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი და აღინიშნა, რომ დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და დანაშაულის წახალისებას.

ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და ყურადღება გაამახვილეს მათი მიზანმიმართული დაზიანებისა და განადგურების შემთხვევებზე, რაც რუსიფიკაციის პროცესის ნაწილად და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ქართული კვალის წაშლის მცდელობად შეფასდა.  

მოლაპარაკებების ფარგლებში აქცენტი გაკეთდა  საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის ისევე, როგორც ადგილზე საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომის საჭიროებაზე. 

აღინიშნა, რომ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ნაბიჯები სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანების მიმართულებით ზრდის კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს ყოველდღიური პროვოკაციების ფონზე. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების საჭიროებაზე და ხაზი გაესვა 2018 წელს შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) წინაპირობების გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენის აუცილებლობას.

ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაიმართა საუბარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გააქტიურებისა და  გენდერული პერსპექტივის მეტად გათვალისწინების აუცილებლობაზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ წარადგინა ერგნეთის IPRM-ის 2016-2020 წლების გენდერული ანალიზი. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა აღინიშნეს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალი მონაწილეების ქმედითი ჩართულობის გაზრდის ისევე, როგორც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და დევნილ ქალთა საჭიროებებზე სათანადო რეაგირების მნიშვნელობა.

მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა დღის წესრიგის მთავარი საკითხები, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციით მოსკოვი განაგრძობს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება. ქართველი მონაწილეების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსებითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამ ფონზე, საქართველოს დელეგაციამ კვლავ მოითხოვა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების უპირობო გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულებით.

მოლაპარაკებების ფარგლებში განხილულ იქნა დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. მიუხედავად საქართველოს დელეგაციის მცდელობისა, რომ აღნიშნული ჰუმანიტარული საკითხი კონსტრუქციულად განხილულიყო, რუსეთის ფედერაციამ და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ისევ სცადეს საკითხის პოლიტიზირება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავ დატოვეს მოლაპარაკებები. 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წინა დღეს, თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან გამართული ორმხრივი კონსულტაციების პარალელურად, ჩატარდა საინფორმაციო სესია „უსაფრთხოების საკითხების ყოვლისმომცველი / ადამიანური განზომილების“ შესახებ, რომელიც უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების ფართო სპექსტრს და მათ ურთიერთმიმართებას დაეთმო.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 12-13 ოქტომბერს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.


 
 
თქვენთვის საინტერესო
ახალი ამბები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან წამოაბრძანეს და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში, ბორჯომის წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანდა.

„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" თბილისიდან ქუთაისში წააბრძანეს და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში დააბრძანეს.
27 სექტემბერს ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული", რომელიც ერთი წლის წინ, აფხაზეთში 90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და შერიგების მლოცველთათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელი საქართველოში ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა
გიორგი მარგველაშვილი : ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო! საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული გვარდიის  25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა: 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის განცხადება
16 მარტს, გმირთა მოედანზე,  საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა  გვირგვინებით შეამკეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალი.


 
covid.ge
call center
 
 
 
ოქტომბერი
2021
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23 24
25 26 27 28 29 30 31
საინტერესო ბმულები
ყველა სიახლე >>>   
 Created By Intellcomgroup