ბათუმში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისთვის სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
2021-09-19 14:24

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ბათუმში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე ესწრებოდნენ.
დევნილებს ენდოკრინულ დაავადებათა და მხედველობის სკრინინგი (საჭიროების შემთხვევაში სათვალის რეცეპტის გაცემა), სისხლის მიმოქცევის სისტემის სკრინინგი, რადიოლოგიური კვლევა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია ჩაუტარდათ. დანიშნულების შესაბამისად, პროგრამის ბენეფიციარებს საჭირო მედიკამენტები გადაეცათ.
პროგრამის ფარგლებში ბათუმში, ასევე, იმყოფებოდნენ აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.