თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სულიწმინდის დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადეს
2022-06-15 15:16

თბილისში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სულიწმინდის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ პარაკლისი გადაიხადა.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ვახტანგ ყოლბაიამ და ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის წინამძღვარმა ლევან ჯანაშიამ, რომლებმაც ტაძრის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მადლობა გადაუხადეს თითოეულ იმ ადამიანს, ვისი შემოწირულობებითაც შენდება ტაძარი.
იმდღესვე აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული ფილმის „ილორიდან ილორამდე“ პრემიერა გაიმართა. ფილმი ინფორმაციული ხასიათისაა და წმინდა გიორგის ტაძრის მეტოქიონის მშენებლობის პროცესს ასახავს.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და უმაღლესი სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შენდება.